დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში01.03.2007 -02.2010

მედიის მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში

ასეთი სახელწოდება ჰქონდა კონფერენციას, რომელიც ჩატარდა „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ორგანიზებით.
კონფერენციაზე საუბარი იყო არა მხოლოდ ქართულ მედიასა და ჩვენთვის ნაცნობ პრობლემებზე, არამედ სომხური და აზერბაიჯანული მედიის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ დაფუძნდება რეგიონული გაზეთების ურთიერთდახმარებისა და განვითარების ფონდი. კონფერენცია ჩატარდა პროექტის „დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის" ფარგლებში. პროექტის დირექტორია პაატა გურგენიძე, ხოლო კოორდინატორი - თამარ შამილი.

პროექტს ანხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმი:
1.მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი (საქართველო)
2.სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (საქართველო)
3.საგამოძიებო ჟურნალისტების ასოციაციის კვლევითი ცენტრი „რეგიონი" (სომხეთი)
4. აზერბაიჯანის ჟურნალისტების დაცვის საბჭო „RU,ყ"

კონფერენციას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციები:
ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" და ეუთოს მისია საქართველოში. კონფერენციაზე განიხილეს მედიის მდგომარეობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამ რესპუბლიკაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. როგორც აღმოჩნდა, „მეოთხე ხელისუფლებას" მსგავსი ტიპის პრობლემები აქვს მთლიანად რეგიონში. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებებიდან გამომდინარე, მთავარი პრობლემა არის მედიის დამოუკიდებლობის საკმაოდ დაბალი ხარისხი. ქალბატონმა ნინო დანელიამ, რომელმაც წაიკითხა მოხსენება ქართული მედიის პრობლემებზე, ხაზი გაუსვა ტელევიზიების დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს. ეს ეხება არა მხოლოდ ცენტრალურ ტელევიზიებს, რომლებიც ცალსახად ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან, არამედ რეგიონულსაც, როგორიცაა, მაგალითად, „კავკასია" ან „მაესტრო," რომლებიც, ასევე ცალსახად, ოპოზიციურ პლატფორმას წარმოადგენენ. როგორც ნინო დანელიამ განაცხადა, ტელევიზიასთან შედარებით თავისუფალია პრესა, თუმცა საერთო დამოუკიდებლობაზე საუბარი ძნელია, რადგან საკმაოდ ბევრი გამოცემა არსებობს დღეს. კონფერენციაში აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეთა მოხსენებებიდან გამოჩნდა, რომ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი ასევე დაბალია ორივე რესპუბლიკაში. აზერბაიჯანული მედიის პრობლემებზე ისაუბრეს „დემოკრატ ჟურნალისტთა ლიგის" თავმჯდომარემ იადიგარ მამადლიმ და ჟურნალისტმა ავეზ რუსტამოვმა. ხოლო სომხეთიდან ერთ-ერთი საინტერესო მოხსენება წარმოადგინა საგამოძიებო ჟურნალისტების ასოციაციის კვლევითი ცენტრის, „რეგიონი"-ს დირექტორმა, ლაურა ბაგდასარიანმა, რომლის თქმითაც, ტელევიზიები ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან. პრესა უფრო პლურალისტურია ტელევიზიებთან შედარებით, თუმცა, ამის გამო არ შეიძლება ითქვას, რომ პრესა უფრო თავისუფალია. „სომხეთში მედია უფრო პოლიტიკური ბიზნესია, ვიდრე - ეკონომიკური," - განაცხადა ლაურა ბაგდასარიანმა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია