თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირება: გავლენა საქართველოზე13.08.2012

თარიღი: იანვარი 2010 
სახელწოდება: თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირება: გავლენა საქართველოზე
ავტორი: გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრების ფონდის მხარდაჭერით
ენა: ქართული, ინგლისური
გვერდიქართული (12), ინგლისური (8)
პოდკასტი
© CIPDD  

                                                       თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები PDF

თურქულ-სომხური ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირება, შესაძლოა, უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სისტემაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისმა შედეგებმა იქნებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც კი დაჩრდილოს, რადგანაც ამ უკანასკნელს დიდი ცვლილებები არ მოუტანია რეგიონულ დაპირისპირებებსა და ალიანსებში.

ამ ეტაპზე საკითხს ორი ტიპის გაურკვევლობა ახლავს თან. ჯერ ერთი, არ ვიცით, წარმატებით დასრულდება თუ არა დარეგულირების პროცესი: ამაში იგულისხმება, მოახდენს თუ არა ორი ქვეყნის პარლამენტი 2009 წლის 10 ოქტომბერს ციურიხში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ოქმების რატიფიკაციას, რითაც გზა გაეხსნება მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების და სასაზღვრო მიმოსვლის აღდგენას. ძირითადი წინაღობა მდგომარეობს იმაში, რამდენად დაუკავშირებს თურქეთის პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების საკითხს. ამავე დროს, შეთანხმებას ეწინააღმდეგება სომხური საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მიუღებელია პოზიციის შერბილება სომეხთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოცოდის საკითხში. მეორე მხრივ, გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობათა დარეგულირება უსაფრთხოებით ურთიერთობებზე რეგიონის შიგნით. 

ქართველ ექსპერტებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირებამ შეიძლება შელახოს საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე სახელმწიფო-უსაფრთხოებითი ინტერესები. წუხილები სამ ძირითად საკითხს უკავშირდება:
• შეთანხმება შეასუსტებს საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის როლს, რასაც ეკონომიკური ზარალი მოჰყვება. 
• რაკი სომხეთის მთავრობა ნაკლებად იქნება დამოკიდებული საქართველოზე, მან შეიძლება უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი სამცხე-ჯავახეთში მოქმედ სომხურ ნაციონალისტურ ჯგუფებს, რაც ამ მხარის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.  
• მიმდინარე პროცესი რუსეთ-თურქეთის საერთო ინტერესის ნაწილია, რომელიც ცდილობს დასავლეთის გავლენის შემცირებას რეგიონზე, რაც, საბოლოოდ რუსეთს გაუადვილებს საქართველოს სტრატეგიულ სატელიტად გადაქცევას.

თითოეული ეს საკითხი განხილვას იმსახურებს. თუმცა, მათი ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირება დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის (მათ შორის, საქართველოს) უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, და, ამავე დროს, მის ევროპასთან დაახლოებას. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ დარეგულირების დადებითმა შედეგებმა მთლიანობაში პოტენციური რისკები გადაწონოს.

საქართველოს მთავრობას დარეგულირების პროცესზე გავლენის მოხდენის მნიშვნელოვანი ბერკეტები არ აქვს და ამ კუთხით გააქტიურება არც სჭირდება. ამავე დროს, საჭიროა ყურადღების კონცენტრირება პოლიტიკის რამდენიმე სფეროზე:
• საქართველოს მთავრობამ თავისი საჯარო რიტორიკით უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირებას, განსაკუთრებით, თუ ის მოიტანს პროგრესს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.
• მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას. მთავრობამ და ექსპერტებმა უფრო აქტიურად უნდა განუმარტონ საზოგადოებას ამ კავშირების საჭიროება და მათი ღირებულება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
• ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხური თემის მიმართ უნდა გაგრძელდეს და შემდგომ განვითარდეს თანმიმდევრული და ტოლერანტული პოლიტიკა. ის უნდა ითვალისწინებდეს ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ინტეგრირების პრო-აქტიურ მეთოდებს, ასევე, ფართო საჯარო დიალოგს ამ მიზნების მიღწევის საუკეთესო გზებზე. სასურველია ამ დიალოგში სომეხი ექსპერტებისა და საჯარო პირების ჩართვაც. 
• აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ, აკადემიურმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა გააძლიერონ რეგიონული აქტორების, განსაკუთრებით, თურქეთისა და სომხეთის პოლიტიკის ანალიზსა და შესწავლაზე მიმართული საქმიანობა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია