ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა: სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინები და ახალი შესაძლებლობები13.08.2012

თარიღი: იანვარი 2010 
სახელწოდება: ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა: სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინები და ახალი შესაძლებლობები
ავტორი: თამარ პატარაია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრების ფონდის მხარდაჭერით
ენა: ქართული, ინგლისური
გვერდიქართული (12), ინგლისური (8)
პოდკასტი
© CIPDD  

                                                                                 ევროკავშირი PDF

რეზიუმე

2009 წლის 7 მაისს ძალაში შევიდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და  აღმოსავლეთ ევროპის მეზობელი ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბელორუსის ერთობლივ მცდელობას, ახალ დონეზე აიყვანონ და გააღრმაონ  თანამშრომლობა.
ინიციატივის საფუძველზე აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, შესაძლებლობა ეძლევა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დააჩქაროს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. აღმოსავლეთის პარტნიორობა არ წარმოადგენს 2004 წლიდან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანას შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის ალტერნატივას; ის შესაძლებლობას იძლევა  განახლდეს და გაღრმავდეს არსებული თანამშრომლობის ფორმატი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ახალი ინიციატივა წარსულში მოქმედი და მიმდინარე თანამშრომლობის ფორმატებისგან ორი ფაქტორით განსხვავდება. 
ერთი მხრივ, ინიციატივის ფარგლებში ცალკეულ ქვეყანასთან ევროკავშირის თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე განისაზღვრება თავად ქვეყანაში გატარებული რეფორმების ინტენსივობით და წარმატების დონით. ეს ნიშნავს, რომ  ევროკავშირი მზადაა გააღრმაოს ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან “ინკლუზიურობის, განსხვავებულობისა და პირობითობის პრინციპების დაცვით”. 
მეორე მხრივ, ევროკავშირი მზადაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზნით, 2009 წლის 17 ნოემბერს ბრიუსელში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელშიც შევიდნენ აღმოსავლეთის პარტნიორების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მათ მიერ წარდგენილი ყველაზე ინოვაციური და გამბედავი იდეები რვა დეკემბერს ევროკავშირის და პარტნიორების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მონაწილეებს გადაეცა. როგორც ევროკომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, მათი გათვალისწინება აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმის განხილვისას მოხდება.
წარმოდგენილი ანგარიში მიმოიხილავს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში განსაზღვრულ ძირითად მიზნებს და განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებს. ინიციატივის კონკრეტული პროგრამები და ცალკეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის დეტალები კვლავაც არაა განსაზღვრული, მათი ჩამოყალიბება კი გარკვეულ დროს მოითხოვს და როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს; ამიტომ ანგარიშში  ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ 2009 წლის ნოემბერში ბრიუსელში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე წარდგენილ რეკომენდაციებზე. აღნიშნული დოკუმენტები საშუალებას იძლევა შეიქმნას წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვთ პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ევროკავშირი – აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნის  თანამშრომლობის კონკრეტული პრიორიტეტებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია