დავით ზარდიაშვილი: გვჭირდება თუ არა კომუნალური რევოლუცია? 22.10.2012

                      დავით ზარდიაშვილი: გვჭირდება თუ არა კომუნალური რევოლუცია?

კომუნა ადგილობრივ საზოგადოებას, თემს ნიშნავს. ადგილობრივ თვითმმართველობას კომუნალურ ხელისუფლებასაც უწოდებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის „ხარისხი" ორი მთავარი კრიტერიუმით იზომება: რამდენად დემოკრატიულია ადგილობრივი ორგანოები, გამოხატავენ თუ არა ისინი ადგილობრივი საზოგადოების ნებას? რამდენად ეფექტიანია, ეკონომიური და ხელსაყრელია ადგილობრივი საზოგადოებისათვის მათ მიერ ორგანიზებული ადგილობრივი, ანუ კომუნალური მომსახურეობანი?
ცხადია, ეს ორი მთავარი კრიტერიუმი - დემოკრატიულობა და კომუნალურ მომსახურეობათა ეფექტიანობა, ერთი მეორეზეა გადაჯაჭვული, ერთი მეორეს განაპირობებს. არ შეიძლება მომსახურობის ეფექტიანობაზე საუბარი, თუ იმთავითვე ცნობილია, რომ ეს მომსახურეობა არა თავად საზოგადოების მიერ და მისი ინტერესების შესაბამისად არის ორგანიზებული, არამედ საზოგადოებისათვის თავს მოხვეულია; ასევე, თუ კომუნალური მომსახურეობა ეფექტიანი არ არის, მაშასადამე ადგილობრივი დემოკრატიაც ვერ მუშაობს, ვერ ხერხდება თემის ინტერესების, მისი ნების სათანადოდ გამოხატვა და რეალიზაცია ადგილობრივი ორგანოების მიერ.
ეს ზოგადი მსჯელობა რომ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე დავაკონკრეტოთ, საკმაოდ მძიმე დასკვნას გამოვიტანთ: კომუნალური ხელისუფლება, ე.ი. ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩვენში რეალურად არ არსებობს. ამ ერთი შეხედვით კატეგორიულ და რადიკალურ დასკვნას დიდი დასაბუთება არ დასჭირდება და სულ ერთ აბზაცში მოთავსდება მისი წანამძღვრები: ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ აუცილებელი კომუნალური, ანუ ადგილობრივი მომსახურეობა ეს ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგებაა. საქართველო იმ უიშვიათეს ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, სადაც ეს უპირვლესი და სასიცოცხლო კომუნალური მომსახურეობანი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს. მეტიც, საქართველოს კანონმდებლობით კომუნალური მომსახურობანი, მართალია, სახელმწიფო რეგულირების სფეროა, მაგრამ ის კერძო და არა საჯარო საქმეა. საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც წყალმომარაგება და კანალიზაცია არა კომუნალური ხელისუფლების გამგებლობაში არსებულ საჯარო, არამედ კერძო საქმედ მიიჩნევა. ვერ ნახავთ ვერც ერთ საკანონმდებლო აქტს, სადაც მაგ. წყალმომარაგების ორგანიზება, ადგილობრივ ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდეს.
ასეთ ვითარებას, ბუნებრივია, თავისი წინაპირობები აქვს: თავის დროზე, როცა ქვეყანა პოსტსაბჭოთა ქაოსში იყო გახვეული, მთლიანად მოშლილ კომუნალურ მომსახურეობათა მოწესრიგება სახელმწიფომ ითავა. ოღონდ დენი ყოფილიყო და ვინღა დაგიდევდა ადგილობრივ დემოკრატიას?
შევარდანაძის ხელისუფლების კრახის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ სწორედ კომუნალური მომსახურეობანი იყო. შეიძლება ისიც კი ვთქვათ - რომ არა „ვარდების რევოლუცია", საქართველოში უშუქოთა სტიქიური აჯანყება იყო მოსალოდნელი. იქნებ სწორედ ეს იყო შეცდომა და საზოგადოებას არა ვარდების, არამედ სწორედაც კომუნალური რევოლუცია უნდა მოეწყო?
მაგრამ სად იყო კომუნა, სად იყო და ვინ რას ეკითხბოდა ადგილობრივ საზოგადოებას?! ასეა თუ ისე, ქაოსიდან გამოსასვლელად რევოლუციამდელმა თუ რევოლუციურმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ შექმნა ახალი წეს-რიგი; თავის ჭკუაზე მოაწყო ქვეყანაში კომუნალურ მომსახურეობათა უცნაური სისტემა, სადაც არც მოსახლეობა და არც მისი კომუნალური ხელისუფლება მომსახურეობის დამკვეთს არ წარმოადგენს. მოქალაქე აქ მხოლოდ გადამხდელია, სრულიად უუფლებო აბონენტია, რომელსაც თავს მოხვეულ ფასად ნებისმიერი ხარისხის საქონელი უნდა მიასაღონ. უუფლებო აბონენტებად ქცეულ მოსახლეობას არჩევანი არა გვაქვს: კომუნალური მომსახურეობის მონოპოლისტები ბაზარზე ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად შემოდიან და გადიან, ხელში იგდებენ და ინაწილებენ საჯარო რესურსებს, ხოლო ე.წ. მარეგულირებელი ისე, რომ მოსახლეობის პირდაპირი მანდატი სულაც არა აქვს, განსაზღვრავს მომსახურეობის პირობებსაც და რაც მთავარია, ტარიფებსაც.
ბუნებრივია, რომ ასეთი მარეგულირებელი, რომელიც მოსახლეობის წინაშე კი არა, არამედ დამნიშნავი ცენტრალური ხელისუფლების წინაშეა ანგარიშვალდებული, ძირითადად მონოპოლისტებსა და ცენტრალური მთვრობას შორის დადებულ ფარული გარიგებათა „გამპრავებელია". შედეგად, მთავრობასთან შეკრული მონოპოლისტები უსამართლო ტარიფებით, ხოლო ხშირად დრაკონული ადმინისტრაციული ჯარიმებით, რომელთა „გამოწერაც" ასევე მათ ხელშია, ფაქტიურად გვძარცვავენ. დენი გვაქვს. მაგრამ რა და რის ფასად? ძალიან ძვირად და ჩვენი უფლებებისუფლებების დათმობის ფასად.
თვითმმართველობა, საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენი, მოქალაქეების აღიარებული უფლებაა. მაგრამ ეს უფლება უხეშად არის ხელყოფილი, რადგან სასიცოცხლო კომუნალური მომსახურეობანი თვითმმართველობისაგან მიტაცებულია. მოსახლეობა, ვინაიდან მას კომუნალური ხელისუფლება ფაქტიურად არა ყავს, იძულებულია მონოპოლისტების მსხვერპლის როლს დაყაბულდეს.
მაგრამ როდემდე? იქნებ, მართლაც გვჭირდება კომუნალური რევოლუცია?!


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია