განცხადება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო 26.07.2012

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბრის მიწურულს მიიღო შესწორებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელთა ძირითადი აზრია პოლიტიკური სუბიექტების კერძო წყაროებიდან დაფინანსების შეზღუდვა და ამ სფეროში გამჭვირვალობის უფრო ქმედითი მექანიზმების დაწესება. თუმცა ამ ცვლილებების სავარაუდო მოტივი საპარლამენტო უმრავლესობის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესია, რაც ახალი კონკურენტის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის, გამოჩენით აიხსნება, თავისი შინაარსით ასეთი შეზღუდვები შეესაბამება მიღებულ დემოკრატიულ პრაქტიკას და შეიძლება მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ითამაშოს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების გრძელვადიან განვითარებაში.

გარდა უშუალოდ პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა, კანონი, შემოწირულობების მიღების საკითხში, პოლიტიკურ პარტიებთან ათანაბრებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მათთან "პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული". ეს დებულებები პასუხობს იმ ლეგიტიმურ პრობლემას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამგვარი პირები შეიძლება კანონის მოთხოვნებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენონ. მაგრამ კანონი არ განმარტავს, რა კრიტერიუმებით დგინდება ასეთი "პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი". ფართო დისკუსია, რომელიც კანონის ამ დებულების გამო გაიშალა, მოწმობს, რომ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ეს კავშირი მეტად განსხვავებულად ესმით. თუნდაც ეს გვაფიქრებს, რომ ამ მუხლის ფართო ინტერპრეტაცია პოტენციურად შეიძლება გახდეს იმგვარი სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის საფუძველი, რომლებიც საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობენ ან პოლიტიკური პატიების გაძლიერების პროგრამებს ახორციელებენ.

კანონის ამ მუხლის განხორციელება დაევალა კონტროლის პალატას. მისი საქმიანობა ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ის ზედმეტად ფართე ინტერპრეტაციას აძლევს კანონს და მას სამოქალაქო აქტივობის შესაზღუდად იყენებს. მაგრამ მხოლოდ იმის იმედი, რომ კონტროლის პალატა სათანადოდ მოახდენს კანონის ინტერპრეტირებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც  მისი გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება კანონით არ არის გათვალისწინებული, აშკარად არ არის საკმარისი საზოგადოების კანონიერი შეშფოთების გასაბათილებლად.

აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე ცალსახად განიმარტოს, რომ ამ კანონის კონტექსტში პოლიტიკური საქმიანობა გულისხმობს მხოლოდ არჩევნების მოგებაზე და პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე მიმართულ ქმედებებს და არანაირი გზით არ მოიცავს სამოქალაქო აქტივობას, რომლის მიზანია ადვოკატირება საჯარო პოლიტიკის სფეროში, პარტიების განვითარების მხარდაჭერა და მსგავსი საქმიანობა. ასევე, სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს სხვა წუხილებზე, რომლებიც ამ კანონმდებლობამ გააჩინა მოქალაქეთა უფლებების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

განცხადება ქართულადინგლისურად


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია