გარდაიცვალა ემილ ადელხანოვი, CIPDD-ის თანამშრომელი დაარსების დღიდან.28.06.2016

გარდაიცვალა ემილ ადელხანოვი, CIPDD-ის თანამშრომელი დაარსების დღიდან. 1992-ში გავიცანი. მაშინ ის იყო, ჩემი აზრით, ერთადერთი უფლებადამცველი საქართველოში, რომელიც ამ სახელს ამართლებდა. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი უფლებადამცველების პრეტენზიას, პოლიტიკაზე მაღლა ვდგავართო: რეალურად, როგორც წესი, უკიდურესად პოლიტიზებულები არიან. ემილი გამონაკლისი იყო: ძალიან მკაცრად უყურებდა ადამიანის უფლებების და პოლიტიკის გაყოფის პრინციპს და იმდენად თანმიმდევრულად ახორციელებდა მას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ადამიანის უფლებები მისი რელიგია იყო (სხვა რელიგია არ ჰქონია) და როგორც ნამდვილი მორწმუნე, შეუპოვრად იბრძოდა თავისი პრინციპებისთვის. ჩია ტანის, ძალიან გამხდარი კაცი იყო, მაგრამ პრინციპულ საკითხზე კამათში აენთებოდა და ლომივით ხდებოდა. ხაზს უსვამდა, რომ კლასიკური გაგების უფლებადამცველი იყო: ყოველგვარ მესამე და მეოთხე თაობის, განსაკუთრებით ე. წ. „კოლექტიურ“ უფლებებს არ ცნობდა. ადამიანის უფლება ინდივიდის უფლებაა. უკიდურესი იდეალისტი იყო. დროდადრო შემოდიოდა მორცხვი ღიმილით და შემოჰქონდა ხელმოსაწერად მორიგი ძალიან ლაკონური ტექსტი, სადაც რომელიმე საშინელი რეჟიმის საშინელ დიქტატორს ძალიან ზრდილობიანად მიმართავდა: შევიტყვეთ, თქვენთან ესა და ეს უდანაშაულო კაცი დაუჭერიათ, იმედს ვიტოვებთ, თქვენ ეს არ იცოდით, მაგრამ ახლა გაერკვევით ვითარებაში და გამოუშვებთო (ასეთი „ეშმაკობა“ დიქტატორებთან ურთიერთობაში დასაშვებად მიაჩნდა). მისთვის არ არსებობდა უიმედო, არარეალისტური მიზნები, სამაგიეროდ უდიდეს პატივს სცემდა ისეთ თვისებას, როგორიცაა სიჯიუტე. ჯიუტად უნდა ვაკეთოთ და ვთქვათ ის, რაც სწორად მიგვაჩნია, და იმედი დავიტოვოთ, რომ რომელიღაც შემთხვევაში ამას შედეგი ექნება. რელიგიური იდეალისტის კიდევ ერთი თვისება ჰქონდა: მტკიცედ სწამდა: საქმეს კარგად ვერ გააკეთებ, თუ იმ საქმეში ფულს გიხდიან. მართალია, ჩვენთან დაარსების დღიდან, ანუ 1992 წლიდან მუშაობდა, ერთი-ორი წელი თუ ჰქონდა რაიმე ხელფასი. მაგრამ, სანამ ავად გახდებოდა, სულ რაღაცას აკეთებდა. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ზოგადად სწორი ეკონომიკური პრინციპია, მაგრამ მის შემთხვევაში მუშაობდა. ერთხელ რაღაც პატარა ანგარიში გვქონდა დასაწერი, ათას დოლარს გვიხდიდნენ, ემილი ნამდვილად იყო გამკეთებელი და გამეხარდა, ცოტა მაინც სულს მოითქვამსო. ზუსტად ის საქმე ჩააფლავა. სრულიად უნიკალური ადამიანი იყო, მისი მსგავსი არ შემხვედრია და ალბათ არც შემხვდება. ვინც იცნობდა, არ დაავიწყდება.

                                                                                                                                გია ნოდია


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია