როგორ აფასებს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მუშაობას?16.07.2016

                     როგორ აფასებს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მუშაობას?

 
 ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა ამ სისტემის მუშაობას.
2015 წლის აგვისტოში CRRC-საქართველოს მიერ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) ჩატარებული წარმომადგენლობითი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები არ ახორციელებენ მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. კერძოდ, ასე ფიქრობს თბილისელების 57% და მცხეთელების 66%. მოსახლეობის მხოლოდ 12% იზიარებს საპირისპირო მოსაზრებას.
თვითმართველობის პროცესის შეფასებისას საინტერესო მაჩვენებელს წარმოადგენს მოქალაქეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის ურთიერთობის სიხშირე.
2015 წლის აგვისტოს გამოკითხვის ჩატარებამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში მოსახლეობის 89%-ს არ ჰქონდა შეხება საკრებულოსთან, ხოლო 83%-ს - გამგეობასთან. კითხვაზე, დაუკავშირდათ თუ არა მოქალაქეებს 2014 წლის ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ანუ გამოკითხვამდე 14 თვის განმავლობაში საკუთარი ქალაქის მერი, მერიის თანამშრომელი ან საკრებულოს წევრი, მოსახლეობის 93%-დან 96%-მდე უარყოფითად პასუხობს. ინტენსიური კომუნიკაცია მოქალაქეებსა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს შორის შეიძლება არ იყოს აუცილებელი მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობა აფასებს თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას, როგორც ეფექტურს, ეთანხმება მათ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ან არ აქვს პრობლემური საკითხი, რის გამოც მათთან მიმართვა ჭირდება.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოში არსებული ვითარება სხვანაირია: მოსახლეობის 17%-დან 19%-მდე აცხადებს, რომ კმაყოფილია თვითმმართველობის ორგანოების მუშაობით, ხოლო დაახლოებით ორი მესამედი არ, ან ვერ აძლევს მკაფიო შეფასებას მათ მუშაობას.
სხვა ქალაქებთან შედარებით მერიის მუშაობით ყველაზე უკმაყოფილო დედაქალაქის (27%), ყველაზე კმაყოფილი კი ქ. ოზურგეთის მოსახლეობაა (37%), ხოლო ქ. თელავის და ქ. ბათუმის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა (შესაბამისად, 48% და 47%) არ იცის, რა პასუხი გასცეს ამ კითხვას. საკრებულოს მუშაობის შეფასებისას სხვა თვითმმართველ ქალაქებთან შედარებით უკმაყოფილების ყველაზე მაღალ დონეს ქუთაისელები (17%) აფიქსირებენ, ხოლო კმაყოფილების - კვლავ ოზურგეთელები (37%). ბათუმელების 64% ვერ პასუხობს, კმაყოფილია თუ უკმაყოფილო საკრებულის მუშაობით.
გამოკითხვის შედეგები ცალსახად მიუთითებს, რომ დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი აფიქსირებს კმაყოფილებას იმით, თუ როგორ ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესი. ეს მონაცემები დამაფიქრებელი უნდა იყოს თვითმმართველობის პროცესის ყველა მონაწილისათვის. არსებული ვითარების გაუმჯობესების ერთ-ერთ შესაძლებლობას შეიძლება წარმოადგენდეს ის, რომ მოქალაქეებმა, ვისაც მნიშვნელოვანად მიაჩნია ხელისუფლების მიერ მათი აზრის გათვალისწინება, ვინც არ არის კმაყოფილი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობით და ვისაც აწუხებს სხვადასხვა პრობლემის მოუგვარებლობა, სამოქალაქო ჩართულობის უფრო აქტიურ ფორმებს მიმართონ. მეორე მხრივ, სასურველი იქნება, თვითმმართველობის ორგანოებმა გაზარდონ საკუთარი საქმიანობის ეფექტურობა, ხილვადობა და გააუმჯობესონ თანამშრომლობა მათ მთავარ დამკვეთთან - მოსახლეობასთან.

 

                                                                                                                                       თიკო ტყეშელაშვილი


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია