საპროგრამო პრიორიტეტები  -   ინსტიტუტის თემატური პრიორიტეტები განისაზღვრა, ერთი მხრივ, გარემოსა და საჭიროებების ანალიზის, მეორე მხრივ, დაგროვილი ცოდნა-გამოცდილების და რესურსების შეფასების საფუძველზე. სტრატეგიული გეგმის სამოქმედო პერიოდში ინსტიტუტი მუშაობას სამი ძირითადი მიმართულებით განაგრძობს:

                                საჯარო პოლიტიკა

ამ თემატური პრიორიტეტით ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტიორების მონაწილეობის გაფართოებას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და ცდილობს ხელი შეუწყოს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე გამართული დიალოგის ხარისხის გაუმჯობესებას. ეს პოლიტიკური დისკურსის ღირებულებებზე, ინტერესებზე, და მიმდინარე საკითხებზე კონცენტრირებას წაადგება და გააძლიერებს პოლიტიკური კონკურენციის უფრო განვითარებული ფორმების საჭიროების შეგნებას.

                       ამ ამოცანის შესრულება სხვადასხვა დონეზე მუშაობას გულისხმობს:

(1) პირველი მიმართულების (მონაწილეობის გაფართოება) ძირითადი სამიზნე ჯგუფია საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები - პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები. ამ კუთხით კავკასიური ინსტიტუტის ამოცანაა, საზოგადოების ყურადღება საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს მიაპყროს, უზრუნველყოს განხილვაში ფართო საზოგადოების მონაწილეობა, შეთავაზოს მას საკითხების კონცეპტუალური და ღირებულებითი ჩარჩოები, ხელი შეუწყოს დისკუსიის იმგვარ წარმართვას, რომ ის გადაჭრის გზების ძიებაზე იყოს მომართული და არა მხოლოდ წუხილების გამოთქმაზე.
ამასთანავე, ინსტიტუტმა, საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, თავადაც უნდა შესთავაზოს საზოგადოებას ყველაზე აქტუალურ პრობლემათა გადაჭრის ვარიანტები. ამგვარი მუშაობის ფორმებია: პოლიტიკური დისკუსიები და ფორუმები, კონფერენციები, სხვადასხვა მოცულობის ანალიტიკური ნარკვევების (policy brief, policy paper) რეგულარული გამოცემა და გავრცელება. აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა იარაღი (ბეჭდვითი და ელექტრონული მედია, ინტერნეტი);
(2) მეორე მიმართულება (დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება) გულისხმობს საჯარო პოლიტიკურ დიალოგში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სამიზნე ჯგუფების ჩართვას, როგორებიცაა: პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ჟურნალისტები, ახალგაზრდობის აქტიური ნაწილი და სხვა. აქცენტი ცნობიერების ამაღლებაზე და საჯარო პოლიტიკის ანალიზის უნარების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს. ამით პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო კონკრეტული და სტრუქტურირებული საზოგადოებრივი დაკვეთა ჩამოყალიბდება, გაიზრდება საზოგადოებრივი მოთხოვნა იმგვარ პოლიტიკურ მოთამაშეებზე, ვინც საზოგადოებას საჯარო სივრცის პრობლემათა გადაწყვეტის კონკრეტულ გზებს სთავაზობს. ამ მიმართულების მუშაობის ფორმებია: საგანმანათლებლო და უნარების განვითარებაზე მიმართული ქმედებები (ტრენინგები, მოკლევადიანი კურსები, გაცვლითი პროგრამები, fellowship-ები,სტაჟირება).

                                                   დემოკრატიული ინსტიტუტები

ფუნქციური და მდგრადი დემოკრატია შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფო და სამოქალაქაო ინსტიტუტებს შორის მუდმივ ურთიერთგამიჯვნა-გაწონასწორებად განისაზღვროს  ამ ინსტიტუტების განვითარების დონე საქართველოში დაბალია.
ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობები - მნიშვნელოვნად დააჩქარონ ამ ინსტიტუტებისგანვითარება - შეზღუდულია. თუმცა, ამგვარი განვითარების ხელშეწყობის გზები და ხერხები მაინც არსებობს. კავკასიურ ინსტიტუტს - როგორც დამოუკიდებლად, ისე საერთ შორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში - დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის გარკვეული ცოდნა-გამოცდილება დაუგროვდა .
ასეთი სამუშაო ინსტიტუტის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ეს შემდეგი სახის ქმედებებს გულსხმობს: კონკრეტულ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლას, პრობლემეთა გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტის განხილვას და საზოგადოებისთვის მიწოდებას, ცალკეულ შემთხევაში - კონკრეტული ორგანიზაციების თუ ჯგუფების ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების დახვეწას. საჯარო სივრციდან ინსტიტუტის ტრადიციული სამიზნეებია: განათლების, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების და ადგილობრივი თვითმმართველობის სექტორები. ინსტიტუტი ასევე იმუშავებს პოლიტიკურ პარტიებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასთან, აღნიშნული სამიზნე პრიორიტეტები არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში ახალი სექტორების იდენტიფიცირებას.

                                                         სამოქალაქო ინტეგრაცია

ამ სფეროში კავკასიური ინსტიტუტის ზოგადი მიზანი ისეთი საზოგადოებრივი გარემოს ხელშეწყობაა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, სოციალური, ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობები ექნება. ამ პრიორიტეტის ფარგლებში ინსტიტუტის განსაკუთრებული სამიზნე ჯგუფებია: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, დევნილები, ყველა ის მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა პრობლემის გამო (სახელმწიფო ენის არცოდნა, ინფორმაციის არასაკმარისი ხელმისაწვდომობა და ა.შ.) ვერ ახერხებს ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებას; ასევე ის ჯგუფები, რომელთა მხრიდანაც შედარებით დაბალია განსხვავებული სოცილური, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მიმღებლობა. ამ მიზნის მისაღწევად, ინსტიტუტი მიმართავს მუშაობის შემდეგ ფორმებს: კვლევითი საქმიანობა - სამიზნე ჯგუფების და მათი გარემოს შესწავლისათვის; მუშობა მულტიპლიკატორებთან (მასწავლებლები, ჟურნალისტები, სტუდენტები) საზოგადოებაში ტოლერანტული განწყობების გასაძლიერებლად; ნაყოფიერი მონაწილეობისა და სამოქალაქო უფლებებით სარგებლობის უნარჩვევბის განვითარება.


გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია