საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარება: პოლონეთის გამოცდილება03.08.2012

თარიღი: იანვარი 2012
სახელწოდება: საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარება: პოლონეთის გამოცდილება 
პროექტი/დონორი: გამოცემა და პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის 2011 პროგრამის ფარგლებში 
ენაქართულიინგლისური

 

 

წინასიტყვაობა

პიოტრ კაზმიერკიევიჩი, საჯარო საქმეთა ინსტიტუტი

წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს იმ კვლევის შედეგების და რეკომენდაციების კრებულს, რომელიც მომზადდა 2011 წლის პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში: მიგრაციის კონტროლის მექანიზმების და მიგრაციის პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში პოლონური გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტი ფოკუსირებული იყო საქართველოს მთავრობის წამყვანი  უწყებათა თანამდებობის პირებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მიერ საერთაშორისო  ვალდებულებების (რეადმისიის და ვიზა-ფასილიტაციის ხელშეკრულების) განხორციელებაზე და ეროვნული მიგრაციის პოლიტიკის განვითარებაზე. 2001 წლის მარტი-დეკემბრის განმავლობაში პროექტმა გამოავლინა ის სფეროები, რომლებიც საჭიროებს სამართლებრივ და ინსტიტუციურ რეფორმებს,

ასევე, მიგრაციის კონტროლის სხვა ასპექტებს, რომლებშიც შესაძლებელია პოლონური გამოცდილების გათვალისწინება. ქართველი და პოლონელი ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა ქართული ინსტიტუტების საჭიროებები ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე დაყრდნობით. პროექტის მიმდინარეობის  ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ქართველ საჯარო მოხელეებს მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრის შესაძლებლობა ჰქონოდათ. პირველადი პასუხები ცნობილი გახდა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სემინარებზე, ინსტიტუტების მიერ მომზადებულ პრეზენტაციებზე, ექსპერტთა შეფასებებზე კომენტარის გაკეთებისას, ასევე, 2011 წლის სექტემბერში პოლონეთში ჩატარებული სამუშაო ვიზიტისას. სამუშაო ვიზიტით ქართველ საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა მიეცათ შეესწავლათ პოლონური ინსტიტუტების გამოცდილება; მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ეროვნული მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და მიგრაციის ეფექტიანად მართვის უნარების განვითარებაში.

პროექტის აქტივობები განსაკუთრებით დროული აღმოჩნდა მიგრაციის მართვის სფეროში იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშე ამჟამად დგას საქართველო. ქვეყანა ჩართულია ევროკავშირთან ხელმოწერილი რეადმისიის და ვიზა-ფასილიტაციის ხელშეკრულებების განხორციელებაში, ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოლაპარაკებებში. 2009 წლის დეკემბრიდან ქართული ინსტიტუტები ახორციელებენ ინტეგრალური საზღვრის მართვის სამოქმედო გეგმას, რაც ხელს უწყობს უწყებებს შორის სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციას, თანამშრომლობას და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის საფუძვლის მომზადებას. დაბოლოს, მიგრაციის მართვა განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა ქვეყნის პოლიტიკაში; ამას ცხადყოფს საქართველოს მიერ მობილობის პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან  თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობა.

წინამდებარე ანგარიში სამი ნაწილისგან შედგება: წარმოდგენილია პოლონეთის გამოცდილება, რომელმაც 1989 წლიდან უკვე გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო ამჟამად გადის; შეფასებულია ქართული ინსტიტუტების მიღწევები და სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების საჭიროებები; დაბოლოს, ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის, მთავრობის და ევროკავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ნაწილები დამოუკიდებლად არის მომზადებული, ისინი ერთ მიზანს ემსახურება: გამოავლინონ როგორც წარმატების ფაქტორები, ისე რეფორმის პროცესთან დაკავშირებული სირთულეები; წარმოაჩინონ მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბების ცალკეული ნაბიჯები, მათ შორის, ისეთები, როგორებიცაა: სავიზო პოლიტიკა, საზღვრის და ბინადრობის კონტროლი, სამუშაო ბაზარზე ხელმისაწვდომობა, სამუშაო და ბინადრობის ნებართვის რეჟიმების დარღვევა.

ეს გამოცემა ადასტურებს პოლონეთის მიერ გამოცდილების გაზიარების მზაობას; ამ  მიგრაციის რისკის მქონე ქვეყანამ შეძლო გამხდარიყო მიგრაციის მართვის ევროპული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ის ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძოდ კი, კვლევით ინსტიტუტებს  შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მიგრაციის პოლიტიკის სფეროში სახელმწიფო საქმიანობის ანალიზსა და შეფასებაში. ანგარიში მომზადდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით და გათვალისწინებულია მათი ინტერესები, წუხილები და მიზნები; აქვე აისახა კონკრეტული ინსტიტუტების ამ კუთხით მიმართული ძალისხმევა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოკლე, სინთეტური გამოცემა ხელს შეუწყობს საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის მიღწევებსა და ხარვეზებზე უფრო ვრცელი და ღრმა დისკუსიის წამოწყებას იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს რეფორმის პროცესს.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია