საქართველოს ხმები კონსტიტუციურ და პოლიტიკურ რეფორმაში22.05.2017

 პროექტის მიზანი:

დემოკრატიის და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), შვედეთში დაფუძნებული სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD), ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, წარმოგიდგენთ გამოცემას:" კონსტიტუციური და პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში": "პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები", რომელიც შეიქმნა საერთაშორისო IDEA-სა და კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის - საქართველოს ხმები კონსტიტუციურ და პოლიტიკურ რეფორმაში - ფარგლებში (ივნისი 2004 - აგვისტო 2005).
ამ პროექტის განხორციელებას ბიძგი მისცა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებულმა პოლიტიკურმა რეფორმებმა. რევოლუციის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში დაწყებული ძირფესვიანი რეფორმების პროცესი მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მოიცავს. 2004 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად შეიცვალა ხელისუფლების სისტემა ცენტრალურ დონეზე. თუმცა, ეს ცვლილებები საკმარისი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე განხორციელდა. ხელისუფლების დღის წესრიგშია შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები.
საერთაშორისო IDEA-სა და კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი რეფორმების ორ ფრიად მნიშვნელოვან სფეროზეა მიმართული:
1.ძალაუფლების განაწილებაზე ცენტრალური ხელისუფლების შტოებს შორის და
2.უფლებამოსილების გადაცემაზე ეროვნულიდან რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე

 პროექტი მიზნად ისახავს ამ საკითხებზე სამოქალაქო დისკუსიის გააქტიურებას და საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის გაზრდას, რაც კონსტიტუციური რეფორმის ხარისხსა და ლეგიტიმურობას აამაღლებს.
პროექტი საქართველოს პოლიტიკური და კონსტიტუციური განვითარების ზემოხსენებულ ორ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.
ამ თემებზე საქართველოს წამყვან ექსპერტთა ორმა ჯგუფმა შეიმუშავა ორი სტრატეგიული დოკუმენტი. დოკუმენტების პირველადი ვერსიების განხილვა მოხდა საქართველოს 5 რეგიონში და თბილისში ჩატარებულ საჯარო დისკუსიებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა. ამ შეხვედრების დროს შემოთავაზებული შენიშვნები გათვალისწინებული იყო დოკუმენტების სრულყოფისას.
ორმა ევროპელმა ექსპერტმა ჩამოაყალიბა საკუთარი შენიშვნები სტრატეგიული დოკუმენტების საბოლოო ვარიანტებზე. გარდა ამისა, ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის შედეგად გამოვლინდა საზოგადოების დამოკიდებულება მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესების მიმართ.
პროექტი რეგიონული ხასიათისაა. მის ფარგლებში მოხდა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური რეფორმების ექსპერტული ანალიზიც. სამ-სამმა ექსპერტმა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ საკითხებზე მოამზადეს კვლევითი დოკუმენტები.
ერთობლივი პროექტის ფარგლებში საერთაშორისო IDEA-მ და კავკასიურმა ინსტიტუტმა 2005 წლის 18-19 მარტს თბილისში ჩაატარეს: საერთაშორისო კონფერენცია : "საკონსტიტუციო/პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში: პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები".
კონფერენცია დაეთმო რეფორმების პროცესებზე ინფორმაციის გაცვლას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის და მათი ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივებს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მიერ ამ თემაზე შექმნილი სტრატეგიული დოკუმენტები.
კონფერენცია გახსნეს ქ-ნ არმინე არაქელიანმა (საერთაშორისო IDEA-ს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროპაში და პროგრამის ხელმძღვანელი), ბ-ნ გია ნოდიამ (მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე), ქ-ნ ნინო ბურჯანაძემ (პარლამენტის თავჯდომარე) და ბ-ნ ჟაკ ვანტომმა (ევროპის დელეგაციის პირველი მრჩეველი საქართველოში). კონფერენციას დაესწრო 55-მდე მონაწილე, რომელთა შორის იყვნენ როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ისე საეთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატიური სტუმრები, აგრეთვე სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები.
პროექტის ბოლო ეტაპზე საერთაშორისო IDEA-მ და კავკასიურმა ინსტიტუტმა გამოსცეს ამ ერთობლივი პროექტის შედეგები. წარმოდგენილ გამოცემაში შეჯამებულია ქართული პოლიტიკური საზოგადოების თვალსაზრისები და მათ მიმართ ევროპის დამოკიდებულება.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია