მეც ვულოცავ ყველას ასოცირების ხელშეკრულებას!29.06.2014


მეც ვულოცავ ყველას ასოცირების ხელშეკრულებას. ასეთ დროს ალბათ მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, ვის რა დამსახურება მიუძღვის იმაში, რომ გუშინდელ დღემდე მივედით. სულხან საბას და ილია ჭავჭავაძეს არ ვგულისხმობ, ბოლო პერიოდის ლიდერებზე შევჩერდები.
ედუარდ შევარდნაძეს დამსახურებაა, ჯერ ერთი, ის, რომ პროდასავლური ორიენტაცია, მართალია დაგვიანებით, მაინც გამოაცხადა ქვეყნის მაგისტრალურ პოლიტიკურ ხაზად და რაღაც ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.მეორეც, იმიტომ, რომ პროდასავლურ რეფორმატორთა ჯგუფს პოლიტიკური ასპარეზი გაუხსნა (ეს უკანასკნელი კი ინანა მერე, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა).
ზურაბ ჟვანიამ პირველმა შექმნა პოლიტიკური ჯგუფი (თუნდაც არაფორმალური - ე.წ. "რეფორმატორები") საქართველოს გაევროპულების იდეის გარშემო და ეცადა (რა თქმა უნდა, არათანმიმდევრულად) პოლიტიკური დისკურსიც და პრაქტიკაც ამ იდეაზე აეგო. ევროპული პოლიტიკა საქართველოში მისგან იწყება.
მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ყველაზე მეტი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები რეალურად დაეახლოვებინა ევროპულისთვის და ევროპელები დაერწმუნებინა, რომ მათიანები ვართ. ცხადია, არც ის იყო თანმიმდევრული და არც ერთი ეს ამოცანა არ დაუსრულებია, მაგრამ არსებით გარდატეხას მიაღწია. ამაში იგულისხმება ისიც, რომ ის იყო პირველი ქართველი ლიდერი, ვინც, არსებითად, ევროპულად წავიდა.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ქებას იმსახურებენ, რომ ევროპასთან ასოცირებაზე უარი არ თქვეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ამ გუნდში შემავალმა რამდენიმე პოლიტიკოსმა ისიც შეძლო, რომ ზოგიერთ ევროპელს შეუქმნა ილუზია, თითქოს ახალი მთავრობა უფრო ევროპული და დემოკრატიულია. ესეც ჩავუთვალოთ.
და ბოლოს, ქებას იმსახურებს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომ ანტიევროპულობა ეკლესიის ოფიციალურ იდეოლოგიად არ აქცია და, რიტორიკულად მაინც, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მიესალმა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია